ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებმა მთავარი პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან „მაესტროს“,
როგორც თავისუფალი მედიასაშუალების ზრდა-განვითარებისთვის ხელის შეშლასა და, შესაბამისად, საზოგადოების უფლების - მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, შეზღუდვის პრობლემასთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო მიმართვა გაავრცელეს.
„მაესტროს“ მესაკუთრეთა განცხადებით, ტელეკომპანიის სიგნალის გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით, „მაესტრომ“ 3 ივლისს პიარკამპანია დაიწყო სახელწოდებით - „მაესტრო ყველა ოჯახში“, რომლის ფარგლებშიც, ზაფხულის განმავლობაში რეგიონების მასშტაბით, სატელიტური ანტენების მონტაჟი იგეგმებოდა.
მათივე განცხადებით, პირველი სიმბოლური თეფში სოფელ ხანდაკში 3 ივლისს დამონტაჟდა. 11 ივლისს კი, მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად“, სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა, ზეპირი მოსმენის გარეშე, 11 ივლისსვე განიხილა და დააკმაყოფილა.
„პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“ - ნათქვამია მიმართვაში.
„მაესტრო“ აცხადებს, რომ ის არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესი განვითარება და აუდიტორიის გაზრდაა და სატელიტური ანტენების მონტაჟის გადაწყვეტილებაც ტელეკომპანიის ბიზნესგეგმაა.
„ბიზნესგეგმის შეფერხებით, მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლან „მაესტროს“, როგორც თავისუფალი მედიასაშუალების ზრდა-განვითარებას და, შესაბამისად, საზოგადოების უფლებას ზღუდავს მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია“ - აცხადებენ ტელეკომპანიის მესაკუთრეები და აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემაა.
მიმართვის ადრესატები არიან - მედია საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო დამკვირვებლები.

















