პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის,
სოფო კილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მრავალშვილიანობასა და ოჯახების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
ასე გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად გატანილ სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონის პროექტს.
„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მრავალშვილიანობას, ოჯახების გაძლიერებას, შეუქმნას ოჯახებს პირობები იმისათვის, რომ ჰყავდეთ ბევრი შვილი, რაც საბოლოო ჯამში ისევ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.
აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ მრავალშვილიანობის წასახალისებლად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მორალური მხარდაჭერა მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ. თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ხედავს და აფასებს ამ ადამიანების ღვაწლს ქვეყნის, სამშობლოს წინაშე, პატივს სცემს და უფრთხილდება მათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ოჯახების მატერიალური წახალისება. წარმოდგენილი კანონპროექტი უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, ვფიქრობ დაგვიანებულიც, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. უდიდესი სამუშაოა გაწეული, თუმცა ბევრიც გასაკეთებელია ამ მიმართულებით და ჩვენ სამომავლო პროექტებში ამ საკითხებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“ - აღნიშნა სოფო კილაძემ კანონპროექტის წარდგენისას.

















