კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულ იქნა წარმატებულად და მოიპოვა პოზიტიური გამოხმაურება.
1-ელ მარტს, 16 საათზე, სასტუმრო „ROOMS”-ში გაიმართება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“- 2018 გახსნითი ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან ჯილდოს ორგანიზატორები, ჟიურის წევრები, გასული წლის საუკეთესო ათეული და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე საორგანიზაციო ჯგუფი წარადგენს ჟიურის განახლებულ შემადგენლობას და დეტალურად ისაუბრებს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს პროცესისა და სიახლეების შესახებ.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი, ლიბერთი ბანკი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

















