საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და იტალიის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს არქივების გენერალურ დირექტორატს შორის ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, მემორანდუმი ორი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, გზამკვლევებისა და ნუსხების ასლების გაცვლას, საარქივო სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პუბლიკაციების გამოცემასა და ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს.
იტალიაში ვიზიტის დროს ეროვნული არქივის დელეგაცია იტალიის სახელმწიფო არქივებში საქართველოს შესახებ დაცულ დოკუმენტებს გაეცნობა.
მემორანდუმს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იტალიის არქივების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი როსანა რუმო მოაწერენ ხელს.

















