იუსტიციის სახლის თამაში „JustGame” დასკვნით ფაზაში გადავიდა. მესამე, ფინალური ეტაპის მონაწილეებსა და პირველი ორი ტურის გამარჯვებულებს დღეს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, „JustGame”-ის თითოეული ტურის გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ, პირველი ეტაპის 30 საუკეთესო მოთამაშე ID ბარათებით და ID ბარათის წამკითხველებით დაჯილდოვდა, მეორე ტურის გამარჯვებულებს კი, ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის პასპორტები გადაეცათ.
„JustGame” იუსტიციის სახლის თამაშია, რომელიც სამი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგება. პირველი ეტაპი გეოგრაფიულია - მის მონაწილეებს საქართველოს რუკაზე ამა თუ იმ ობიექტის მდებარეობა უნდა გამოეცნოთ. სამი კვირის განმავლობაში მასში მონაწილეობა 2 500-მდე პირმა მიიღო. თამაშის მეორე ეტაპზე, რომელიც დაფარული სიტყვის ამოცნობას გულისხმობდა, 5 კვირის განმავლობაში 2 870 მოთამაშე იყო ჩართული.
მესამე, ფინალურ ეტაპზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოთამაშე სხვადასხვა სირთულის კითხვებისთვის 4 სავარაუდო პასუხიდან ერთს ირჩევს. სწორი არჩევანის შემთხვევაში, მას ქულები ერიცხება, გამარჯვებული კი - ქულათა მეტი რაოდენობით გამოვლინდება.
„JustGame”-ის მესამე ტური 25 ივლისს დასრულდება. მასში 2700 მოთამაშე მონაწილეობს. მათგან 3 საუკეთესო სპეციალურ პრიზს - MacBook-ის კომპაქტურ ნოუთბუქს მიიღებს.

















