საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ წარმომადგენლებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ ფონდის გარშემო ბოლოდროინდელ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ „ქომაგის“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა.
როგორც ჟურნალისტებს ფონდის თავმჯდომარე ია მეტრეველმა განუცხადა, ფონდის გარშემო რამდენიმე თვეა მასშტაბური რეპრესიები მიმდინარეობს და „ქომაგი“ იმ საქმეს ვერ ასრულებს, რისთვისაც ის შეიქმნა.
ია მეტრეველის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან რეპრესიები არამარტო „ქომაგის“ მიმართ, არამედ იმ მოქალაქეების მიმართაც განხორციელდა, რომლებმაც ფონდს დახმარებისთვის მიმართეს.
„ეს ადამიანები რამდენჯერმე დაკითხეს. მათ შორის იყვნენ ავადმყოფები. იყო შემთხვევა, როდესაც დაკითხვაზე მოქალაქე საავადმყოფოდან წაიყვანეს. ისინი მოდულის შენობაში 11:00 საათიდან 23:00 საათამდე უკანონოდ ჰყავდათ დაკითხვაზე, მათ დაუყადაღეს თანხები, რომლებიც ემიგრანტებმა გადაურიცხეს“ - განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, კონფერენციის მიზანს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის იმ უკანონობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებსაც ხელისუფლება და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფონდი „ქომაგისა“ და მასთან დაკავშირებული ადამიანების მიმართ ბოლო პერიოდში ახორციელებს.
მისივე თქმით, ფონდმა „ქომაგმა“ინგლისურ ენაზე დიპლომატიური კორპუსისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ბუკლეტები გამოსცა, სადაც დეტალურადაა აღწერილი იმ მოქალაქეების უმძიმესი ისტორიები, რომლებმაც „ქომაგს“ დახმარებისთვის მიმართეს.

















