ამერიკის ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 71% პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ეთანხმება.
ივნისში ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გამართა.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხული 6 299 რესპონდენტიდან, კითხვას - ეთანხმებით თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას, მხოლოდ - 8%-მა გასცა დადებითი პასუხი, 71% - არ ეთანხმება, არ იცის - 17%-მა და პასუხზე უარი 4%-მა განაცხადა.
ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ინფორმირებულია ივანიშვილის მხრიდან მოქალაქეობის აღდგენის მცდელობაზე, ასევე, სამოქალაქო რეესტრის მიერ მისთვის ამ საკითხზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო რეესტრის მიერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმას გამოკითხულთა 63% არ ამართლებს.

















