ქუთაისში გარდაცვლილი ფეხმძიმე ხათუნა ბერაძის ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს.
როგორც "ნიუსპრესს" პარტია "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს, ხათუნა ბერაძის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მისმა ოჯახმა შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმადაც მკურნალობის ხარჯების - 8 068 ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდათ. შეტყობინების საფუძველზე მათ კუთვნილებაში არსებული ქონება დაყადაღდა.
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზვიად წაქაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის 2011 წლის 24 იანვარის განცხადების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს აანაზღაუროს ე.წ ღორის გრიპით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის ხარჯები.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები შესაბამისი სტრუქტურებისგან აღნიშნული ინფორმაციის საქმის შესწავლას ითხოვენ.
2011 წლის 16 იანვარს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გარდაცვლილ 31 წლის ხათუნა ბერაძეს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მისი გარდაცვალების მიზეზი ე.წ "ღორის გრიპი" იყო.

















