საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეტნაკლებად კარგად ჩატარების გამოკითხულთა 42%-ს სჯერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული „საზოგადოებრივი განწყობის შესახებ“ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადეს.
კითხვაზე - როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხულთა 13%-ს მიაჩნია, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, მეტნაკლებად კარგად - 42%-ს, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, გამოკითხულთა 4%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნები სრულად გაყალბდება.
გამოკითხული რესპონდენტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად მიიჩნევენ, ამომრჩევლის მოსყიდვას, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს და საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრას.
კვლევაში ასევე, აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა შევიწროების პრობლემას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის დაბრკოლებად ივნისში გამოკითხულთა 14% ასახელებს, ხოლო თებერვლის კვლევების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა.
საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით NDI-ის დაკვეთით კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.
კვლევის პროცესში, რომელიც საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა, სულ 6 299 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

















