სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმპორტიორებს ახალი რეგულაციები გააცნეს, რომლებიც 2018
წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.
იმპორტიორებთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კობეშავიძე ესწრებოდნენ. უწყებების წარმომადგენლებმა იმპორტიორებს დეტალურად განუმარტეს პროცედურები, რომლებსაც მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე მოხვედრამდე გაივლის.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 1-ლი მარტიდან, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება. აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით, რაც გამორიცხავს საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა №429 („ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“) და N426 (ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“) დადგენილებებში.

















