საქართველოს მთავრობა დასაქმების მსურველთა ბაზის მომზადებას იწყებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი დასაქმების აგენტების მომზადებაა. აგენტების ტრენინგს კი, ჯანდაცვის სამინისტრო 15-25 ივლისის პერიოდში განახორციელებს.
„მომზადებას სამიათასამდე აგენტი გაივლის. ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქსა და რაიონში ჩავლენ და უშუალოდ ოჯახებში დაიწყებენ მუშაობას“ - განაცახდა მანჯგალაძემ
მისი თქმით, აღირიცხებიან სამუშაოს მაძიებლები, სპეციალური ანკეტების მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია, სადაც პირველადი მონაცემების გარდა, დასაქმების მსურველის კვალიფიკაცია და პროფესია იქნება მითითებული.
„მოპოვებული ინფორმაცია კი, უკვე ახლადშექმნილ სამუშაოს მაძიებელთა მართვის ცენტრში შევა, სადაც სამუშაოს მაძიებელთა ბაზა შეიქმნება. ჩვენი ვარაუდით, მონაცემთა ბაზის შექმნა საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ეს პროცესი ნოემბრამდე გაგრძელდება“ - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, დასაქმების აგენტების, ასევე, სამუშაოს მაძიებელთა ცენტრისა და ბაზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროსა და დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან მიიღებს.

















