ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების 100 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურებოდა „აუდიტორია 115“-ის წევრების მიერ ღონისძიების ჩაშლის მცდელობა.
„დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 100 წლის წინ, ამ დღეს, ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა საფუძველი ჩაუყარეს პირველ ეროვნულ უნივერსიტეტსა და მეცნიერული კვლევის და უმაღლესი განათლების მდიდარ ტრადიციას საქართველოში. უნივერსიტეტის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება. იუბილეს აღნიშვნა გასული წლის 15 დეკემბერს, „უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენით დაიწყო და მთელი 2018 წლის მანძილზე 500-ზე მეტი სამეცნიერო კონფერენციით, გამოფენითა და სტუდენტური ღონისძიებით გაგრძელდება, რომლებზეც დასწრება თავისუფალია მედიისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველია, იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო სიამაყით აღნიშნავს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას, რა მიზანს ემსახურებოდა რამდენიმე სტუდენტის საზეიმო ღონისძიების ჩაშლის მცდელობა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, მათ შორის აუდიტორია 115-ის წევრები, რომლებიც წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის წევრები არიან.
გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ უნივერსიტეტის რექტორატისა და ადმინისტრაციის კარი მუდამ ღიაა ნებისმიერი განსხვავებული აზრისა და პოზიციის მოსასმენად და განსახილველად“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მიწვეული სტუმრების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა, რა დროსაც დარბაზში „აუდიტორია 115“ წევრი შეიჭრა. სტუდენტი ამ ცერემონიის დახურულ ფორმატსა და დარბაზში სტუდენტების არშეშვებას აპროტესტებდა.

















