კომპანია „ვისოლის“ მიერ ისანში იოანე მხედრის სახელობის ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გასაპროტესტებლად, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ წარმომადგენლები დღეს თბილისის მერიასთან აქცია-პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ეკოლოგიური სამართლის ცენტრიდან“ აცნობეს, დოდაშვილის მოედანზე, „ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯია“ წმინდა იოანე მხედრის სახელობის ეკლესიასთან, საცხოვრებელ სახლებისა და სკვერის სიახლოვეს გაზგასამართ სადგურს აშენებს.
ცენტრის ინფორმაციით, მშენებლობა „ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #1-1/2935 ბრძანებას ეწინააღმდეგება.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობისთვის გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა.
მერიამ საჩივარი წარმოებაში მიიღო და მისი განხილვა 11 ივლისს ჩანიშნა.
აქცია-პრესკონფერენცია სწორედ აღნიშნულ საჩივარს და მოსახლეობის მიერ პატრიარქის სახელზე შეგროვილ ასეულობით ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას მიეძღვნება.

















