სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი კომიტეტისა და
მოძრაობა „იყავი აქტიური საქართველოში“ #beactiveingeorgia 2018 წლის ერთობლივი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელმა პაატა ცივაძემ „იყავი აქტიური საქართველოში“ პროგრამის ეგიდით გასულ წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა და მიმდინარე წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია სპორტის მასობრიობა იმ გამოწვევების დასაძლევად როგორიცაა ნარკომანია, ახალგაზრდებში აგრესია და სხვადასხვა პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.
შეხვედრაზე წარმოადგინეს სპორტული გარბენების და სხვა დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი, რომლებიც მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა კორპორატიული სპორტის ფედერაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის.
„ეს არის ჯანსაღი, სპორტული ცხოვრების პროპაგანდა. ღონისძიებების საკმაოდ კარგი გრაფიკი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტით დაკავებული ადამიანების რიცხვი გაიზარდოს. ეს არის მასობრივი სპორტის მნიშვნელობის საკითხი და სახელმწიფო, მთავრობაც და ჩვენც ჩართული ვართ ამაში. სპორტის სამინისტროში დაწყებულია ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც პირველ რიგში ეხება მასობრივ და სამოყვარულო სპორტს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ახალგაზრდების დასაქმების, ნარკოპოლიტიკის და ყველა ამ გამოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია სპორტში ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

















