არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, რეგიონებში ახლადაშენებული საავადმყოფოების მფლობელებს ხელისუფლებამ დამატებითი ვადები უნდა დაუწესოს, რათა აღნიშნული რეგიონები სამედიცინო მომსახურების გარეშე არ დარჩეს.
ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველს“ მიერ ჰოსპიტალური სექტორის კვლევის პრეზენტაციისას, ჰოლანდიელმა მკვლევარმა ხერარდ დე ბურმა განაცხადა.
მისი თქმით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში თითქმის ყველა საავადმყოფოს მესაკუთრე კერძო ინვესტორია და ზოგიერთ მათგანზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
„სოციალური დაზღვევის ვაუჩერული სისტემიდან რეგიონულ სისტემაზე გადასვლამ, სადაზღვევო კომპანიებს საშუალება მისცა სოციალური დაზღვევის მონოპოლისტი პროვაიდერები გამხდარიყვნენ, რომლის შედეგადაც პაციენტს აღარ შეუძლია სოციალური დაზღვევის პროვაიდერის ან საავადმყოფოს თავად შერჩევა“ - აცხადებს დე ბური.
მისივე თქმით, ინვესტორთა კონფლიქტის პოტენციური წყაროა ჰოსპიტალური სექტორის მფლობელობისა და მართვაში ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობა, რადგან ასეთ შემთხვევაში, საავადმყოფოებში უპირატესობა შესაბამისი ფარმაცევტული კომპანიის მიერ იმპორტირებულ თუ წარმოებულ მედიკამენტებს ენიჭება.
„სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტთა უფლებების დაცვის ინსტიტუცური მექანიზმები სუსტია, ასევე, პრობლემატურია სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობა, განსაკუთრებით რეგიონებში“ - აღნიშნა დე ბურმა.
„სამედიცინო მომსახურების გარეშე რეგიონების დარჩენის რისკი უნდა შემცირდეს ფინანსური სტიმულირებით, საავადმყოფოთა მფლობელებისთვის დამატებითი ვალდებულებების დაწესებით და რეგიონებში სამედიცინო მომსახურების და საავადმყოფოების გაქრობაზე დროული რეაგირების პროგრამის შემუშავებით, ასევე, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფლებების გაზრდა და მისი ინსტიტუციური გაძლიერება“- ნათქვამია ჰოსპიტალურ სექტორის კვლევაში.
გარდა ამისა, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, აუცილებელია სისტემის მუდმივი მონიტორინგი და ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება.

















