ბათუმის „შერატონში“ დღეს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროსაბჭოს კონვენციისადმი მიძღვნილი ორდღიანი რეგიონალური სემინარი გაიხსნება.
ორგანიზატორთა განცხადებით, რეგიონული სემინარის მიზანი სტამბოლის კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირებისთვის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წახალისებაა.
ასევე, სემინარი კონვენციის შესახებ სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.
შეხვედრას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. სემინარში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს არაწევრი ქვეყნების - ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციები.
შეხვედრისას მონაწილეები გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევაზე, პრევენციულ ღონისძიებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე იმსჯელებენ.
სემინარის ორგანიზატორი ევროპის საბჭო და გაეროს ქალთა ორგანიზაციაა, მასპინძლები და თანაორგანიზატორები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო არიან.
სტამბოლის კონვენცია 2011 წლის 7 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო და მას უკვე ოცმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. კონვენცია მას შემდეგ შევა ძალაში, როცა მინიმუმ ათი ქვეყანა მის რატიფიცირებას მოახდენს.

















