სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას, მრევლს
პატიმრებისა და მათი ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ციხეში უამრავი ახალგაზრდა იმყოფება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საარსებო წყაროს ეძებდნენ და როცა ვერ პოულობდნენ, დანაშაულს ჩადიოდნენ.
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ციხეებში მყოფ ჩვენ შვილებს, მინდა გთხოვოთ, რომ არა მხოლოდ იფიქროთ მათზე, არამედ ხშირად ინახულოთ ისინი. აუცილებელი არ არის, რომ ისინი თქვენი ახლო ნათესავები იყვნენ“ - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა პატიმრის ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია და საზოგადოებამ მასაც უნდა მიაქციოს ყურადღება.
„მახსენდება ერთი შემთხვევა - მივიღე წერლი პატიმრისგან. წერდა, რომ მის ოჯახს ძალინ უჭირდა, ითხოვდა დამეხმარეთ თორემ მეტი გზა არ მექნება უნდა გამოვიქცეო. ჩვენ დავეხმარეთ მის ოჯახს. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა იგი გათავისუფლდა მოვიდა ჩემთან და მადლობა გადამიხადა“ - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უფრო ხშირად უნდა იფიქროს ახალგაზრდა თაობაზე, რადგან ახალგაზრდობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფასეულობაა და მას თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება.

















