ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ ორგანიზებით ვაკის პარკში აქცია სახელწოდებით -„არა დიდ კაშხლებს!“ გაიმართა. აქციის მონაწილეები
საქართველოში გიგანტური კაშხლების მშენებლობა აპროტესტებდნენ.
აქცია თეატრალიზებული იყო და მასზე პირობითად გასაბერი კაშხალი და მდინარე იყო წარმოდგენილი. გასაბერი კაშხლის ირგვლივ კი იმ ადგილების ფოტოები იყო გამოფენილი, რომლებსაც გიგანტური ჰესების მშენებლობის შემთხვევაში განადგურების საფრთხე ემუქრება.
როგორც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა აღნიშნა, აქციით სიმბოლურად ის ვითარება დახატეს, რომელიც კაშხლების მშენებლობის შემდეგ წარმოიქმნება.
მისი თქმით, ნამახვანის, ხუდონჰესის, ფარავნის ჰესის, ონის ჰესის, დარიალის ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიაზე ძირძველი ეკლესიები, სასაფლაოები და მთლიანი სოფლები განადგურდება.
„საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში სტრატეგიული გეგმა არ გააჩნიათ და სანამ ამ გეგმას არ შეიმუშავებენ, მანამდე ვერ იმსჯელებენ საჭიროა თუ არა აღნიშნული ჰესების მშენებლობა. მითუმეტეს მაშინ, როცა ისინი ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს და მხოლოდ ეკო სისტემას შეუქმნის საფრთხეს“-განაცხადა ჭიპაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 80 ჰესის მშენებლობაზეა საუბარი, განსაკუთრებული საფრთხე კი დარიალი ჰესის მშენებლობის დროს მდინარე თერგს შეექმნება, რადგან ამ შემთხვევაში მდინარეში წყლის მხოლდ 10% დარჩება.
აქციას ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ წევრების გარდა „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“, ეკოლოგიური სამართლის ცენტრისა“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აქციის ბოლოს ქვეყანაში გიგანტური ჰესების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

















