ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ორგანიზებით დღეს ვაკის პარკში აქცია - „არა დიდ კაშხლებს“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „მწვანე ალტერნატივიდან“ აცნობეს, აქციაზე გასაბერი კაშხლის ფონზე, ფოტოგამოფენა მოეწყობა, რომლითაც საქართველოში დაგეგმილი დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად დასატბორი ადგილები იქნება ნაჩვენები.
აქციაზე დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდება.
„მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა პრობლემაზე, თუ რა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს დიდი კაშხლების მშენებლობა ქვეყნის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, რეგიონებში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება, მათ შორის დიდი ჰესებისაც - ხუდონი, ნამახვანის კასკადი, ნენსკრა, აჭარისწყლის კასკადი“- აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.
მათივე ცნობით, აქციას სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციები - „კავკასიური სახლი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „უსაფრთხო სივრცე“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან.

















