კომპანიამ „118 08“ პერსონალურ ინფორმაციაზე მესამე პირისთვის წვდომის შესაძლებლობა უნდა შეზღუდოს. აღნიშნული
დავალება კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მისცა.
კომისიაში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „ჯეო-ცნობარის“, იგივე „118 08“–ის წინააღმდეგ მოქალაქე ნინო მთვარელიშვილის საჩივარი განიხილებოდა. საჩივრის თანახმად, „ჯეო–ცნობარი“ მის პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებზე გასცემდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიაში არსებულმა მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა „ჯეო–ცნობარიდან“ მოქალაქე მთვარელიშვილის და კომპანიის ოპერატორის საუბრის აუდიო ჩანაწერი გამოითხოვა.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სატელეფონო საუბარში ოპერატორი ნინო მთვარელიშვილს, მისივე სატელეფონო ნომრის დასახელების შემდეგ, ეუბნება ნომრის მფლობელის სახელს და გვარს და ასევე, აღნიშნულ ინფორმაციას უგზავნის მობილურ სატელეფონო ნომერზე შეტყობინების სახით.
საჯარო სხდომაზე მოქალაქე ნინო მთვარელიშვილის უფლებებს კომისიასთან არსებული მომხმარებელთა საზოგადოებრივი ინტერესების დამცველის სამსახური იცავდა. სხდომაზე, „ჯეო–ცნობარის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
კომისიამ მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ შპს „ჯეო–ცნობარს“ კონკრეტული ქმედების განხორციელება დააკისრა. კომპანიამ უნდა დახუროს პერსონალურ ინფორმაციასთან მესამე პირების წვდომა და მხოლოდ, მას შემდეგ გახადოს ხელმისაწვდომი, როცა კანონიერ საფუძველზე, კონკრეტული პირის თანხმობას მოიპოვებს ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემაზე.

















