განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 14-15 დეკემბერს სასტუმრო
„ბილტმორში“კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ იმართება. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „ისწავლე საქართველოში“ (STUDY IN GEORGIA) მხარდაჭერით ხორციელდება.
კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებას, რაც გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების განახლებას და მათ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებთან (ESG 2015) შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, რეფორმა მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში.
კონფერენციაზე განიხილება ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, რეფორმის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები და შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
კონფერენციაზე მოწვეულები არიან განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები: ქათი დუკარტესი - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი და ბელგიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი თავმჯდომარე; ჯანეტ გრანტი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი; ალექსანდრე ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარე.
კონფერენციას ესწრებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

















