საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ აცხადებს, რომ ხელისუფლება ფონდის მიმართ გარეშე პირების მეშვეობით
მორიგი „შავი პიარის“ განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ „ქომაგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონდისთვის სანდო წყაროსგან, კერძოდ პოლიციისგან, ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება მორიგი „შავი პიარის“ განხორციელებას გეგმავს, რომელიც მიმართული იქნება ფონდის დისკრედიტაციისკენ.
„მიღებული ინფორმაციით, ხელისუფლებას ფონდში უკვე ჰყავს შემოგზავნილი გარკვეული პირები. მათ დახმარების თხოვნით შემოტანილი აქვთ განცხადებები იმ მიზნით, რომ „ქომაგს“ დააბრალონ თავიანთ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მითვისება“- ნათქვამია განცხადებაში.
„ფონდი ქომაგი“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები; ფონდში მისულ მოქალაქეებს მისცეს დახმარებით სარგებლობის საშუალება და ფონდს კი მიეცეს შეუფერხებელი მუშაობის შესაძლებლობა.

















