დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები
მთლიანად უფასო სასადილოებსა და იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც დახმარება ესაჭიროება.
ამის შესახებ კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ განაცხადა, რომელთაც დღეს უფასო სასადილოების დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართეს.
„უფასო სასადილოებს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხდება შიდა ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდება უფასო სასადილოებს და იმ ადამიანებს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება“- განაცხადა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ დღეს სატენდერო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია გლდანის რაიონში თითო ბენეფიციარზე 1.13 ლარს დახარჯავს. სხვა რამდენიმე რაიონში კი 1.18 ლარი 1.17-მდე მცირდება.
„კახი კალაძე 1.18 ლარის ნაცვლად, მაგალითად გლდანის რაიონში, აპირებს რომ 1.13 ლარად გამოკვებოს ბენეფიციარები. ესაა თბილისელების დაცინვა“- განაცხადა ნადირაძემ.

















