საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს, შპს „ჯეო–ცნობარის“, იგივე „118 08“–ის წინააღმდეგ საჯარო სხდომაზე
მოქალაქე ნ. მთვარელიშვილის საჩივარს განიხილავს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მოქალაქე ნ. მთვარელიშვილმა კომისიას საჩივრით მიმართა, რადგან მისი მტკიცებით, „ჯეო–ცნობარი“ მის პერსონალურ ინფორმაციას სხვა პირებზე გასცემდა.
„კომისიაში არსებულმა მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა „ჯეო–ცნობარიდან“ მოქალაქე მთვარელიშვილის და კომპანიის ოპერატორის საუბრის აუდიო ჩანაწერი გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ სატელეფონო საუბარში ოპერატორი ნ. მთვარელიშვილს, მისივე სატელეფონო ნომრის დასახელების შემდეგ, ნომრის მფლობელის სახელს და გვარს ეუბნება. ასევე, აღნიშნულ ინფორმაციას მობილურ სატელეფონო ნომერზე შეტყობინების სახით უგზავნის“- აცხადებენ კომისიაში.
მათივე ინფორმაციით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის თანახმად, ოპერატორი ვალდებულია აბონენტისგან მიიღოს წინასწარი ნებართვა მისი პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემაზე.
საკითხის საჯარო განხილვა დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 16:00 საათზე გაიმართება.

















