მოძრაობა „სტუდენტურმა ხმამ“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო-სატირული აქცია - „განათლების პოლიციიზაცია აჩქარებს ევროინტეგრაციას“ პოლიციის ჰიმნის თანხლებით გამართა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქცია სატირული ხასიათისაა და მათი „მოთხოვნაა“ შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების გაერთიანება.
როგორც მოძრაობა „სტუდენტური ხმის“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ფაცაციამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მთავრობა „ზედმიწევნით ასრულებს“ სტუდენტთა მოთხოვნებს.
„მინისტრად პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე დანიშნეს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ განათლების სისტემაში სულ უფრო და უფრო ძლიერდება პოლიციური რეჟიმი“ - განაცხადა მან.
მოძრაობის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროს რეკომენდაციები შესთავაზეს, მათ შორისაა, 2012 წლის ახალი სასწავლო წლიდან, პირველ ეტაპზე მოხდეს განათლების სამინისტროს სრული შემადგენლობის ჩანაცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებით, რაც სტუდენტთა თქმით, „ხელს შეუწყობს განათლების სამინისტროს ევროსტანდარტიზაციას“, 2013 წლის იანვარში, ეტაპობრივად საწყის კლასებში, შემდგომ კი, 12-ე კლასის ჩათვლით, პედაგოგიური კოლექტივები ზემოაღნიშნული უწყებების გამოცდილი კადრებით შეიცვალოს.
მოძრაობის რეკომენდაციაა - პატრიოტთა ბანაკში გაიგზავნოს და კომპიუტერით დასაჩუქრდეს ყველა მოწაფე, რომელიც თანაკლასელთა შორის რუსეთის აგენტს აღმოაჩენს და დროულად მიაწვდის ინფორმაციას მანდატურს. ასევე, კომპიუტერითა და ლაზიკაში ერთოთახიანი ბინით დასაჩუქრდეს ყველა მასწავლებელი და განათლების სამინისტროს მუშაკი, რომელიც მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე წასვლას აღკვეთს.
მოძრაობა „სტუდენტური ხმის“ მოთხოვნაა, თანამდებობაზე დარჩეს განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე, სკოლის ზარი ჩაანაცვლოს პოლციის სირენამ, ყველა მანდატური დაინიშნოს სკოლის დირექტორად, განათლების არცერთი მუშაკი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთის გარეშე და საგამოცდო კომისიის მოღალატე და აგენტი წევრების არანაირი დანდობა არ მოხდეს.

















