ქართველ მეცნიერთა ნაწილი საქართველოს ისტორიის ოთხტომეულში, ბოლო 50 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ქართული დამწერლობის ძეგლების არ შეტანის ფაქტს აპროტესტებს.
საქმე ეხება ჰოლდინგ „კვირის პალიტრის“ მიერ გამოცემულ 4 ტომეულს.
როგორც იბერიული ეთნოკულტურის ცენტრის დამფუძნებელმა რაულ გვეტაძემ და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა გია კვაშილავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ოთხტომეული მთლიანად რამდენიმე ათეული წლის წინ გამოცემული საქართველოს ისტორიიდანაა გადმოწერილი, თუმცა, მასში შეტანილი არ არის როგორც ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით ახალი აღმოჩენები, ასევე ძველიც გამორჩენილია.
„მცხეთაში, ნეკრესსა და რუსთავში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილია იბერიული ცივილიზაციის წარმართული ხანის 15 ძეგლი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინაქრისტიანული ხანის საკულტო ძეგლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნეკრესის ტაძრის ნაგებობების ნაშთი, რომელსაც „მზის ტაძარი“ ეწოდება და მეფე ფარსმან I-ის მემორიალია. თუმცა, ეს ოთხტომეულში გაშუქებული არ არის“ - აცხადებს კვაშილავა.
მისივე თქმით, სამართლიანი იქნება თუ სახელმწიფო ან კერძო სექტორი დააფინანსებს დამატებით მეხუთე ტომის გამოცემას, სადაც გამორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შევა და კიდევ ერთხელ წარმოჩინდება, რომ ქართული დამწერლობა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის დროს შეიქმნა.
მათივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ოთხტომეული ინგლისურ ენაზე უნდა ითარგმნოს.
„თუ ეს ოთხტომეული ინგლისურად გადაითარგმნა იმ სახით, როგორც ახლაა, გამოვა, რომ ქართველები მეხუთე საუკუნემდე წერა-კითხვის უცოდინრები ვყოფილვართ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“ - აცხადებს გვეტაძე.
ოთხოტომეულის ავტორებს შორის არიან აკადემიკოსები - მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და დავით მუსხელიძე.

















