აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ცისკარაძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე და ამავე სააგენტოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ზვიად ჯაფარიძე ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. სტუმრები მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა მელაძესთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროს ლევან დეკანაძესთან და ხულოს რესურსცენტრის უფროს ედუარდ მიქელაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და საამღზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინგა შამილიშვილმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭოს შექმნის - შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე უხელმძღვანელებს, რაც რეგიონებში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე გამახვილდა, რა მიმართულებითაც უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საგანგებო ვითარებაში ოპერატიული რეაგირება და სავალალო შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილება, თუნდაც სპეციალური სამსახურების მოსვლამდე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

















