სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლები „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნავენ, მათი მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა.
მათი განცხადებით, ვისი საცხოვრებლებიც კომპანიის მიერ აშენებულია, კერძო საკუთრებაში არ ურეგისტრირებენ, ხოშარაულის #29-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებ 7 ოჯახს კი, ბინები დაუყადაღეს.
მათი ინფორმაციით, კომპანია დაზარალებულებს თანხის 18%-ის დამატებას სთხოვს, მათ კი, ამის საშუალება არ აქვთ.
დაზარალებულების თქმით, „დექსუსი“ 1 კვ.მ - ზე 100 აშშ დოლარის დამატებას ითხოვს. კომპანიის შეთავაზებით, აღნიშნული თანხა დაზარალებულებმა ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფარონ.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

















