წმინდა სინოდმა დღეს გამართულ სხდომაზე სხვადასხვა აქტუალურ თემებთან ერთად, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობების საკითხიც განიხილა.
სხდომაზე აღიშნიშნა, რომ აფხაზებიც და ოსებიც უკვე ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ საქართველოსგან გამოყოფამ მათ არსებობას საშიშროება შეუქმნა.
სინოდის დადგენილებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათთან ძველი ურთიერთობის აღსადგენად და „უფრო ნათლად მოხდეს გაცნობიერება იმისა, რომ ამ კავშირშია მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია“.
სინოდმა ასევე, განაჩინა რომ ვინაიდან, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, კომუნისტების მმართველობის დროს მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა საისტორიო შეხედულება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრების შესახებ და მკვიდრდებოდა აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველო IV-X საუკუნეებში არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, დაევალოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, გადადგას რეალური და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად, საქართველოს ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის.
„ხელი შეეწყოს მეუფე ანანია ანჯაფარიძის მიერ წამოდგენილი მასალის დაბეჭდვას და იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რის შესახებაც ივანე ჯავახიშვილი ბრძანებს - ანდრია მოციქულიც და წმინდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონდათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისთვის იღვწოდნენ“ - ნათქვამია წმინდა სინოდის გაჩინებაში.
ასევე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის მელქისედეკის წარდგინებით, წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე მღვდელი მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი. მისი ხსენების დღედ კი, 5 ივლისი დადგინდა.
წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ხაზი გაუსვა მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობას და ახალგაზრდების საკითხს.
წმინდა სინოდის განჩინება ჟურნალისტებს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.

















