საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის პატრიარქის
ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გაემგზავრება.
რუსეთში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ერთ კვირაში უნდა ჩავიდეს.
დეკანოზ კახაბერ გოგიტაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მოსკოვში ვიზიტისას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი იურისდიქციის განხორციელების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს.
„რა თქმა უნდა, დასვამენ ამ საკითხს, აფხაზეთის საკითხსაც და ცხინვალის საკითხსაც ყველა შემთხვევაში დასვამენ, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ კომპეტენტურ პირებთან. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და არა ერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი იურისდიქცია განხორციელდეს. არა მარტო იმით, რომ სიტყვით ვარ აღიარებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქართველოს ეკლესია უნდა ახორციელებდეს იქ მოღვაწეობას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით გვქონდეს შეწევნა, თანადგომა იმისა, რომ ქართულ სამღვდელოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მოემსახუროს თავის მრევლს“ - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთის პატრიარქის, კირილეს მიწვევა პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა. ის ამ მიზნით თბილისში იმყოფებოდა და პატრიარქთან შეხვედრა გამართა.

















