პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფხაზეთიდან დევნილების და ე.წ. „ატსტუპნიკების“ საკითხს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება.
ამის შესახებ პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შევხვდით პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და პრეზიდენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში. ისინი დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხს მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრობიან“- აღნიშნა ლაღიძემ.
მისივე თქმით, დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით კოლექტიური წერილი შედგება, რათა თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად შეისწავლონ. რაც შეეხება „ატსტუპნიკებს“, ლაღიძის განცხადებით, პარლამენტში შესატანად დღესვე მომზადდება წერილი.
როგორც ლაღიძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში აღნიშნა, „მომავალი საქართველო“ ორივე პრობლემის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა, აქციები ფართომაშტაბიან ხასიათს მიიღებს და არ არის გამორიცხული შიმშილობის დაწყება. გარდა ამისა, მისივე თქმით, თუ სახელმწიფო ამ პრობლემებს საბოლოოდ არ გადაწყვეტს, შესაძლოა, მათ მომავალ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

















