დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას
დაზარალებულ ოჯახებს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, ისნის გამგეობასა და დედაქალაქის მერიაში დაზარალებულთათვის ცხელი ხაზი მოქმედებს.
„გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განმარტებას და საზოგადოება იქნება ინფორმირებული მომხდარის შესახებ.
მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამ ეტაპზე რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სრულადაა დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში, გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. მერია, რასაკვირელია, იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვთ დროებითი საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი დროებით ფართებში გადაყვანა. ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას შემდეგ ნომრებზე: 2 37 50 29 / 599 53 70 40. ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ ერთ კორპუსთან თითქის 20 საათის განმავლობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. რაც შეეხება დაკავებულებს, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ერთ დაკავებულზე ვრცელდება.

















