თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ბაღების მართვის სააგენტოს კახაბერ
გვანცელაძე, არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი, სატრანსპორტო კომპანიას მამუკა კობახიძე და ქონების მართვის სამსახურს ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებს.
თბილისის მერმა საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ დედაქალაქის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, უწყების პრიორიტეტი ახალი ბაღების მშენებლობა და თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება იქნება.
„პირველი რიგის ამოცანა, ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება ბაღებში, ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება. სწორედ ამ პრიორიტეტებით ვიმუშავებ ჩემს გუნდთან ერთად,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

















