განათლების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი "ქართული კალიგრაფიის" კონკურსს აცხადებენ.
კონკურსის პირობებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ ბრიფინგზე ისაუბრეს.
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და საქართველოს მოქალაქე სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებთან ერთად, ემიგრანტ ქართველებსაც შეუძლიათ.
კონკურსი 3 ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე, თითოეულმა კონკურსანტმა 2012 წლის 12 აპრილის ჩათვლით, საკონკურსო ნიმუში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს. გამარჯვებულები 30 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეს გამოვლინდებიან.
"ქართული კალიგრაფიის"" კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მე-3 წელია ატარებს. მისი მიზანი ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენაა.

















