საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მისი
უწყების პრიორიტეტი განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება იქნება.
მინისტრის თქმითვე, ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს.
„გამოწვევები ძალიან ბევრია. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი და განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება ეს იქნება ჩვენი სამინისტროს მთავარი საკითხი.
უფრო კონკრეტულად, ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ძალიან მალე წარვადგენთ ჩვენი სტრატეგიის გეგმას და, რა თქმა უნდა, ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ“ - განაცხადა ჩხელკელმა.
დღეს მიხეილ ჩხენკელისთვის განათლების მინისტრის თანამდებობაზე პირველი სამუშაო დღე იყო. მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა პოსტი გადააბარა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა და რამდენიმე ახალი მინისტრიც წარადგინდა. მიხეილ ჩხენკელმა განათლების უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაანაცვლა.

















