12 ნოემბერი საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ინჟინერ/ტექნიკოსების (ATSEP) საერთაშორისო დღეა.
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არსებობენ საავიაციო სპეციალისტები, სამსახურები და ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საჰაერო ხომალდები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, ყოველგვარი საავიაციო ინციდენტის გარეშე გადაადგილდნენ. საქართველოს საჰაერო სივრცეში თითოეული უსაფრთხოდ განხორციელებული ფრენა ტექნიკური კომპლექსის თავდაუზოგავი და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგია.
საჰაერო მოძრაობის მართვისას უმნიშვნელოვანესია ტექნიკური უზრუნველყოფა, ფრენების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სისტემების სპეციფიკაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია, დაკალიბრება, ორგანიზება და მონიტორინგი. ამ ყველაფერს საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ტექნიკური კომპლექსი უზრუნველყოფს, რომელიც არაერთი სამსახურისაგან შედგება.
ტექნიკური კომპლექსის ყველა თანამშრომელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. ისინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შპს „საქაერონავიგაციის“ უმთავრესი მისიის, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით, ინჟინერ/ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებისა და გადამზადების სხვადასხვა კურსებს, რათა მათი პროფესიონალიზმი შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

















