გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ განათლების ახალი მინისტრის წარდგენისას გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს უსამართლოს უწოდებს.
ამის თაობაზე განცხადებას მაია მიმინოშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც იგი აღნიშნავს, ეს ყოველივე მხოლოდ მისი მისამართით რომ ყოფილიყო ნათქვამი, თავს შეიკავებდა, მაგრამ უსამართლოდ და დაუმსახურებლად შეურაცხყოფილი კოლეგების გამო, ვალდებულია ბრალდებებს განმარტებით უპასუხოს.
განცხადების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ალეკო კარტოზიას მინისტრობისას გაჩნდა.
„მაშინ შეიქმნა პირველი პროექტი. რეალობად გადაქცევა კი, უდაოდ ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რასაც ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი. გაჩნდა პოლიტიკური ნება - გატარებულიყო ასეთი რეფორმა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მისაღები გამოცდების ქართული მოდელი შექმნა და დანერგა“ - ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური ქსელის გვერდზე მიმინოშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ წელს პირველი წელი არაა, როდესაც სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამები სასწავლო გეგმებთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, ის ამ ფარგლებს არც მანამდე სცდებოდა.
„ეს არ იყო გამოცდები პრივილეგირებულებისთვის. ამაში აბიტურიენტები და სტუდენტებიც დამეთანხმებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ პირს არაერთხელ უსაუბრია. ის ამბობდა და სრულიად ვეთანხმები, რომ ამ გამოცდებმა საქართველოს რაიონების, სოფლების მოსწავლეებს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებისკენ გზა გაუხსნა“- აცხადებს მიმინოშვილი.
მისი თქმით, ცენტრი გარდა მისაღები გამოცდებისა, საატესტატო, სასერტიფიკაციო, სამაგისტრო და სტუდენტთა გამოცდებს, ასევე, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას და საცდელ ტესტირებებს ატარებს.
მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი 12 თვის განმავლობაში ყოველდღიურ, უმძიმეს შრომას მოითხოვს.
მიმინოშვილი ვერ ხსნის პრეზიდენტის მიერ ასეთი უცნაურად დიდი ხელფასების დასახელებას, რომელთაც მისი თქმით, რეალურთან საერთო არ აქვს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, ნუ მიაყენებენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის მართლაც ბევრი რამ გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, განათლების ახალი მინისტრის ხატია დეკანოიძის სამინისტროს თანამშრომლებისთვის წარდგენისას აღნიშნა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები 8, 10 და 15 ათას ლარს არაფრის კეთებაში იღებდნენ.
პრეზიდენტის თქმით, ისინი მხოლოდ ერთი თვე გააღებდნენ ცენტრს, ჩაატარებდნენ გამოცდებს და დანარჩენი 11 თვე ხელფასს იღებდნენ.

















