იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს ხსენების დღეს, მასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული მასალა მეფე ლუარსაბზე მცირეა, მაგრამ შთამბეჭდავი.
მათივე ცნობით, წარმოდგენილ ნუსხაში კარგად ჩანს მეფე ლუარსაბის მოღვაწეობის მრავალფეროვნება - ზრუნვა ნასოფლარების აღდგენაზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ეკლესიის გაძლიერებაზე, როგორც საქართველოში, ისე იერუსალიმის ქართული ეკლესიების და სხვა. ხშირად ქართლის მეფეები მეფე ლუარსაბის მიერ გაცემულ სიგელების საფუძველზე ამტკიცებდნენ განაჩენებს და ანახლებდნენ წყალობისა და შეწირულების წიგნებს.
ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში დაცულია - XVIII საუკუნის კრებული, სადაც პირველი ოთხი ფურცელი ეძღვნება მეფე ლუარსაბს, XIX საუკუნის დასაწყისის კრებული „წამება წმიდისა და ნეტარის მეფისა ლუარსაბისი“, 1839 წლის ანტონ კათალიკოსის „მცირე ქართლის ცხოვრება“, 1608 წლის დოკუმეტი „მამულის წყალობის წიგნი მეფე ლუარსაბისა ბოქაულთუხუცეს დავითისადმი“, რომელსაც უწყალობა ზემო ქართლში მდებარე სოფელი აბანო თავისი ,,სამართლიანის სამძღურითა".
დოკუმენტებს შორისაა 1613 წლის მამულის წყალობის წიგნი მეფე ლუარსაბისა ასპან ამირეჯიბისადმი, 1607 წლის ბრძანება მეფე ლუარსაბისა, სიონის ღმრთისმშობლის ეკლესიის ყმების პირუტყვის საძოვრის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ, 1609 წლის სოფლის წყალობის წიგნი მეფე ლუარსაბისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი, რომელსაც ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონი სოფელი კრკონი უწყალობა ქვეშისხევში და სხვა.
ლუარსაბ II (1592-1622) 1606 წელს, მამის, გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ 14 წლის ასაკში გამეფდა. 1614 წელს, როდესაც მეფე ლუარსაბი თბილისში მყოფ ირანის შაჰს ქართლის აოხრებისაგან დასახსნელად ეწვია, შაჰ-აბას I-მა იგი საპყრობილეში ჩასვა. მეფეს შაჰმა გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც ვერ დაიყოლია. 8-წლიანი ტყვეობის შემდეგ ლუარსაბ II შაჰის ბრძანებით ციხეში მოკლეს.
საქართველოს ეკლესიამ მამულისა და სარწმუნოებისთვის თავდადებული მეფე წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე 4 ივლისია.

















