ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის
მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. იუბილის აღნიშვნა დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლიდან დაიწყო, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქართველთა განმანათლებლის ძეგლი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ილია ჭავჭავაძის როლს თანამედროვეობასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში. მისი თქმით, ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ის ღირებულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის აღმშენებლობით საქმეში.
ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. როგორც ცნობილია, აჭარაში პირველი საჯარო სკოლის გახსნა სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება.

















