ხულოს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სასოფლო ბიბლიოთეკა შეემატა. ამჯერად ბიბლიოთეკა სოფელ
კალოთაში გაიხსნა. გახსნას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა.
ბიბლიოთეკაში სულ 650 წიგნია, რომლებიც ქ. ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის და ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკებმა გადასცეს. წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკას კომპიუტერიც გადაეცა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივად ჰქონდეს ინტერნეტზე წვდომა.
აღნიშნული პროექტი კვლავაც გაგრძელდება, შედეგად კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბიბლიოთეკების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

















