საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი პოეტის ჯანსუღ
ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.
როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, მისი გარდაცვალება ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.
“მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.
ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველ პოეტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში. იგი იყო ქართული კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო გამგრძელებელი, ქართული სიტყვის დიდოსტატი.
ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის”-ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს დილით, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

















