სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ტერიტორიაზე ინსექტარიუმის
მშენებლობა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ლაბორატორიისა და ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ლაბორატორიის ტერიტორიაზე მწერების სათავსოს დაარსებასა და აღჭურვას ითვალისწინებს, რომელიც შემდგომში სამცნიერო მიზნებისთვის გამოიყენება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურების გათვალისწინებაზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. საკარანტინო ნიმუშების, მწერების კვლევის დროს, აუციელებლია რისკის ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე.
მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ მზადყოფნაში ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.

















