კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები თბილისის მერიისგან მოითხოვენ თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2010 წელს
გაცემული დადგენილების შესრულებას.
აღნიშნული მოთხოვნით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრმა „ერთობამ“ დღეს მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც აღინიშნა, მერიის დადგენილების თანახმად, თბილისში ხუთი კოოპერატიული კორპუსის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო და დაზარალებულებს გადასცემოდა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მერია ვალდებულია გადასცეს დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები ან მათზე ფულადი კომპენსაცია და მიწის ნაკვეთები გასცეს.
მათივე თქმით, საქალაქო სასამართლომ მერიას დაავალა დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა, თუმცა, მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია. შემდეგში აქ უზარმაზარი არმიით მოვალთ“ - განაცხადა ცენტრის თავმჯდომარემ ირინა გეგეჭკორმა.
„22 წელი მოვითმინეთ. ხმას არ ვიღებდით, რადგან ვხედავდით ქვეყანას უჭირდა. ახლა ვერ ვხედავთ, რომ გასაჭირია, რადგან ათას ლარიანი ვაუჩერების დარიგებას აპირებენ, ხიდებს აშენებენ, გაზიფიკაციას იწყებენ და ა.შ. ჩვენ რა დავაშავეთ, ფული მთლიანად გადახდილი გვაქვს და სახელმწიფო ვალდებულია ეს ვალი გაისტუმროს“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ დაზარალებულმა ლეილა ჯიბლაძემ.
კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში 90-იან წლებში თბილისში თანხა 4 ათასამდე, საქართველოს მასშტაბით კი, 5 ათასამდე ოჯახმა გადაიხადა. ბინების მშენებლობა დაიწყო, მაგრამ, მალევე შეჩერდა. თბილისის მერია დაზარალებულებს მიწის ნაკვეთების გადაცემას დაპირდა, თუმცა, მერიაში 1300 განაცხადიდან მხოლოდ 300 დაკმაყოფილა.

















