ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით: „პრეისტორიული
მემკვიდრეობა“ გაიხსნა, რომელის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების ნიმუშების ასლები.
გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ალექსიძემ და ინდონეზიის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჰილმარ ფარიდმა.
საქართველოს ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოსა და ინდონეზიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე და ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ინდონეზიის საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის მნიშნელოვან გაზრდას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცითი, პროფესორი ჰილმარ ფარიდი მიესალმა ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების ნიმუშების ასლების გამოფენას და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ინდონეზიის მხარე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში ინდონეზიას ეწვია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც გამოფენის გახსნის შემდეგ ლექცია „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის აღმოჩენა“ წაიკითხა. ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა ჰარი ვიდიანტომ ასევე ჩაატარა ლექცია სახელწოდებით „ჰომო ერექტუსის გრძელი გზა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე და არქიპელაგის ადამიანებით დასახლება“.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ ინდონეზიის ხელისუფლების, კულტურის, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლები. საღამო საქართველოს საელჩოსა და ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მიღებულ იქნა საქართველოსა და ინდონეზიის მუზეუმს შორის არქეოლოგიური ნიმუშების ასლების გაცვლის გადაწყვეტილება.

















