ქლორით მოწამლული 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ახალგაზრდა ავზიდან ქიმიური ნივთიერების
გაჟონვის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ლაშა ნარიმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.
იგი სახლში ტრანსპორტით ბრუნდებოდა, როცა ავზიდან კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის ადგილიდან მოშორებით გაჩერდა. ნარიმანიძეს ასთმური პრობლემები ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. იგი წუხელვე ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ლაშა ნარიმანიძე ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის შედეგად წუხელ ლილოს, საქნავთის დასახლებაში 56 ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, იაშვილის, ღუდუშაურის, რეფერალურ და ქირურგიულ კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ინტოქსიკაცია ექვსმა მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო. ისინი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადიან. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
შემთხვევის დროს მოიწამლა ფეხმძიმე ქალბატონიც, დაზარალებული ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ამ დროისთვის, მისი მგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

















