„თბილისიმარათონი 2017“ კვლავ გაიმართება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორებმა, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გამართული მოლაპარაკების შედეგად, მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს და ის 22 ოქტომბერს მაინც გაიმართება.
„თბილისიმარათონი 2017“ ნაცვლად დილის 9:00 საათისა, 8:30-ზე დაიწყება და ღონისძიება 14:00 საათის ნაცვლად 11:00 საათზე დასრულდება, რაც დედაქალაქის ქუჩების პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს”- აცხადებენ მერიაში.
უწყების ცნობითვე, თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც მარათონის მონაწილეების, ასევე, მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინა.
„ღონისძიების მიზნების - ქველმოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციიდან გამომდინარე, თბილისის მერია წლებია, „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერია. დედაქალაქის მთავრობა წარმატებას უსურვებს სხვადასხვა გარბენის მონაწილეებსა და ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს“- განაცხადეს მერიაში.

















