აბასთუმანში, საირმის გზაზე გერმანელი ტურისტი ჩარჩა.
საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, მასთან ერთად ქართველებიც იმყოფებოდნენ, თუმცა უამინდობის გამო გზა ჩაიხერგა, რის შემდეგაც ტურისტი შეუძლოდ გახდა.
ისინი სავარაუდოდ, ზეკარის ურელტეხილისკენ მიემგზავრებოდნენ.
მისივე განცხადებით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა უკვე მიემართება.
„როგორც ჩვენთვის დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა ცნობილი, ტურისტთა ჯგუფი შეეცადა საირმიდან გამგზავრებულიყო ზევით ზეკარის უღელტეხილისაკენ. მათ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი საათის წინ „112“-დან მივიღეთ და მაშინვე გავაგზავნეთ საჭირო ტექნიკა და ექიმი, რადგან იქ მყოფი საქართველოს მოქალაქის ინფორმაციით, გერმანელი ტურისტი იყო შეუძლოდ. ახლა ვცდილობთ დაკავშირებას, თუმცა ვერ ვუკავშირდებით, რადგან ისევ ზონაში არიან შესულები, სადაც სატელეფონო დაფარვა არაა. როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მაშინვე გაგაცნობთ“- განაცხადა სეთურიძემ.

















