გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ დღეს
თანამედროვე კონსტრუქციის ახალ სერვისცენტრს გახსნის, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს.
გურჯაანში დაგეგმილ ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრებიან.
მსგავსი კონსტრუქციის უნივერსალური საფოსტო მომსახურების პირველი ცალკე მდგომი შენობა ამა წლის გაზაფხულზე თიანეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. 2017 წლის ბოლომდე „საქართველოს ფოსტა“ კიდევ სამი საფოსტო ცენტრის განახლებას გეგმავს.
დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით „საქართველოს ფოსტის“ 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს, აქედან, 28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

















