დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი
ფანცულაიამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მამალაძეს არც ტელეფონით და არც მაღაზიით სარგებლობის უფლება არ ჰქონდა, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია.
"ამ ხნის განმავლობაში დეკანოზს დარეკვის უფლებასაც არ აძლევდნენ, ის ვერ იღებდა საკვებს და უფლება არ ჰქონდა უფლება სხვა პატიმრებივით მაღაზიაში შეეძინა საკვები. გუშინ ტელეფონით სარგებლობის უფლებაც ჩამოართვეს. დეკანოზმა სწორედ ამ ყველაფრის გამო, პროტესტის ნიშნად გამოაცხადა შიმშილობა და იმედს იტოვებს, რომ ეს პროტესტი ბოლოა"-აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















