აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტმა და ომის
ვეტერანებმა აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 24 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. სტუდენტებს აფხაზეთის რაიონების დასახლებებით სიმბოლური მაისურები ემოსათ.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავები.
90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
შეგახსენებთ, რომ 1993 წელს სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 24 წელი გავიდა.

















